ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსისა და პოლიტიკური მრჩევლის, პოლ მასაროსთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე, მმართველ გუნდში შეფასებები გრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ის, რასაც "ქართული ოცნება" მთელი ამ დროის განმავლობაში ამხელდა, რეალურად მჟღავნდება.
"ამას ზედმეტი მხილებაც არ სჭირდება. ყველაფერ იმას, რასაც ვამხელდით, რასაც ვხედავდით, რაც უფრო მეტად დრო გადის, მით უფრო მეტად მჟღავნდება რეალურად ამათი სახე. ყველაზე სამწუხარო აქ ჯო უილსონი კი არ არის და ვიღაც ჯო უილსონის მრჩეველი ან კონკრეტული ლობისტური ჯგუფები, ყველაზე გულისამრევი არიან ის ეთნიკურად ქართველები, რომლებიც ასეთ კონკრეტულ ჯგუფებს ემსახურებიან. სულ არ აინტერესებთ, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ჩვენს ქვეყანაში ოღონდ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსს და პოლიტიკურ მრჩეველს, პოლ მასაროს რუსმა პრანკერებმა დაურეკეს. ისინი მასაროს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის სახელით გაეცნენ და ესაუბრნენ USAID-ისა და NED-ის დახურვაზე, ასევე, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჯო უილსონის მრჩეველს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა საქართველოში მაიდნის მსგავსი სცენარის მოწყობა, რაზეც პოლ მასარო პასუხობს, რომ ეს ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს და საქართველოს შემთხვევაში ისინი დიდ ძალისხმევას აწარმოებენ.