22 აგვისტო 2026,   06:58
ვრცლად
ერთ-ერთი რა მესიჯიც მივიტანეთ და ვხედავთ ამის გააზრებას, არის, რომ საქართველოს როლი იზრდება, ჩვენი შუა დერეფანი, სადაც საქართველო სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მეტად აქტუალური გახდა - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ეკონომიკური გუნდის ვიზიტზე და იქ განხილულ თემებსა და გზავნილებზე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. როგორც ნათია თურნავა ამბობს, გუნდი ქვეყანაში პოზიტიური გზავნილებით დაბრუნდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ შუა დერეფანი, სადაც საქართველო სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მეტად აქტუალური გახდა, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკისთვის. 

"ჩვენი მხრიდან ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი - ფაქტია, პრაქტიკულად წარმოჩინდა, რომ საქართველო გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტალური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, გაუმჯობესებული საგარეო ბალანსით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით, ძალიან ძლიერი ფისკალური ანუ საბიუჯეტო პარამეტრებით, დაბალი დეფიციტით, დაბალი სახელმწიფო ვალით და მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით.

მეორე, რა მესიჯიც ჩვენ მივიტანეთ და ვხედავთ ამის გააზრებას, არის, რომ საქართველოს აქტუალობა, საქართველოს როლი იზრდება. მე ვახსენე ფრაგმენტაცია - ფრაგმენტაცია კიდევ სხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ, როგორც რეგიონალიზაცია. იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გლობალური მსოფლიო იყოს უფრო შეკრული, ახლა ხდება უფრო რეგიონალური თანამშრომლობის წარმოჩენა, ასევე როგორც საპირწონე პროცესი და ამ კონტექსტში, ჩვენი შუა დერეფანი, სადაც საქართველო სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მით უფრო მეტად აქტუალური გახდა, განსაკუთრებით თუნდაც მსოფლიო ბანკისთვის, რომელიც ზოგადად, ცნობილია რეგიონალური პროექტებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და ა.შ. ნებისმიერი ამ განვითარების პროცესში ჩვენს რეგიონში, ჩვენს შუა დერეფანში, საქართველოს ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ათად გაიზარდა ჩვენი აქტუალობა და ამის გააზრებას ვხედავთ და ამას ეყრდნობა ის ზომიერი ოპტიმიზმი, რასაც ჩვენ გამოვხატავთ და ის პოზიტიური გზავნილები", - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები