ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან მალე ქვეყანაში უცხოური გრანტების გაცემის წესს შეცვლის - ამიერიდან, დონორი ვალდებული იქნება თანხის გაცემის შესახებ ნებართვა მთავრობიდან მოიპოვოს. ტრანშის განხორციელებამდე მის მიზნობრიობასა და გამჭვირვალობას ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს. უწყების მანდატი ყველა საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლებასაც მოიცავს. კანონის დარღვევა, შესაძლოა სავარაუდო გრანტის ორმაგი ოდენობის დაკისრებით დაისაჯოს. უმრავლესობის ლიდერისთვის ახალ კანონზე მესამე სექტორის ნეგატიური დამოკიდებულება ადასტურებს, რომ მათი მუშაობის პრინციპი საქართველოში კვლავ არაკეთილსინდისიერია.
მესამე სექტორი კვლავ პროტესტს აანონსებს - უმრავლესობის ინიციატივას ქართულმა ენჯეოებმა ერთობლივი განცხადებით უპასუხეს. არასამთავრობოების ის ნაწილი, რომელზეც უცხოური დაფინანსების ყველაზე დიდი წილი მოდის, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს.
კანონი უპირისპირდება გრანტის საფარქვეშ ქვეყანაში სიძულვილისა და დესტაბილიზაციის შემოტანას - ასე განმარტეს ცვლილებების აუცილებლობა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურებმა. თქვეს, რომ ბოლო წლებში, ენჯეოების გავლით, დესტაბილიზაციური პროცესების არაერთხელ წახალისებამ, ცვლილებები აუცილებელი გახადა. ახალი რეგულაცია კი, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, პრევენციული ხასიათის იქნება.
მესამე სექტორის პოზიციას, მთელი კვირის განმავლობაში, ტრადიციულად ხელისუფლების ოპონენტები იცავდნენ. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მილიონობით ევროსა და დოლარის დაფინანსება, ქვეყანაში მხოლოდ კეთილშობილურ მიზნებს ხმარდება. მმართველი გუნდი კი, მათი აზრით, დემოკრატიული პროცესის შეზღუდვას ცდილობს.
ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს საერთო ლობისტური ფრთის ქვეშ ხედავს მმართველი პარტია. საპარლამენტო უმრავლესობაში გრანტების მიზნობრიობის შესწავლას ე.წ. შავი ფულის შემოდინებისგან დაცვის საუკეთესო მექანიზმად მიიჩნევენ. კანონმდებლების თქმით, დონორების თანხები რომ ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯებოდა, ეს ევროკომისიის აღიარებამ, აუდიტის დასკვნამ და USAID-ის საქმემაც დაადასტურა.
პარლამენტი ცვლილებებს გრანტების შესახებ კანონში, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით დაამტკიცებს. ახალი კანონით შეზღუდვები სპორტულ ასოციაციებს, ფედერაციებს და განათლების სფეროს არ შეეხება.