22 აგვისტო 2026,   07:53
ვრცლად
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველომ საკუთარი მდიდარი ისტორია წარმოადგინა - საფრანგეთი პარიზის წიგნის ფესტივალს მასპინძლობს

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის მიერ განვლილ გზას და მის ისტორიას ახლა ევროპის შუაგულში, პარიზის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ეცნობიან. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის მულაჟი და დოკუმენტური ფილმი ,"იოანე ზოსიმე - დაბრუნება", ფესტივალის სტუმრებმა უკვე იხილეს.

პირველ მოდერნისტულ რომანს ლიტერატურის მოყვარულები ფესტივალზე შეხვდნენ. 1925 წელს ექსპრესიონისტი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დაწერილი რომანის "დიონისოს ღიმილის" ფრანგულ ენაზე თარგმანი საზოგადოებას მისმა შვილიშვილმა წარუდგინა. წიგნის მთავარი გმირი სამშობლოდან გაიქცა, დაივიწყა უახლოესი ადამიანები, თუმცა, მაინც უკან დასაბრუნებელ გზებს ეძებს.

საქართველოს ეროვნული სტენდი "გრან პალესში" კულტურის მინისტრმა ოფიციალურად გუშინ გახსნა. ქართული მწერლობა, უნიკალური კულტურა, მხატვრობა - პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველომ საკუთარი მდიდარი ისტორია მეორედ წარმოადგინა.

წელს ფესტივალზე პირველად იქნება საბავშვო ლიტერატურის სტენდიც, სადაც გამოიფინება ფრანგულად თარგმნილი ქართული ზღაპრები. გაიმართება შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტებთან. ლიტერატურისა და ფილმების გარდა ევროპელი სტუმრები მოისმენენ ქართულ სიმღერებსაც.

ყოველი წლის გაზაფხულზე საფრანგეთი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას პარიზის წიგნის ფესტივალს მასპინძლობს. 1200-მდე გამომცემელი და 2000-მდე ავტორი. ევროპელი სტუმრები ქართული სტენდის ნახვასა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობას 13 აპრილის ჩათვლით შეძლებენ.

დღის ამბები