22 აგვისტო 2026,   11:06
ვრცლად
ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე - საპარლამენტო ასამბლეასთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობას, "ქართული ოცნება" მხოლოდ ობიექტური დამოკიდებულების შემთხვევაში განიხილავს

ბოლო დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ძირითადი პუნქტებია. სტრასბურგში გამართული დებატების დროს გამომსვლელებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც უშუალოდ აკვირდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნებს. მათი თქმით, დარღვევები არ განსხვავდებოდა არც წინა არჩევნებისგან და არც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ზოგიერთი ხმის მიცემისგანაც. ნაწილი კი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე აკეთებდა აქცენტს.

რეზოლუციის მიღების პარალელურად, ასამბლეას უნდა გადაეწყვიტა ცნობდა თუ არა "ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაციის რწმუნებათა სიგელებს. თუმცა გაირკვა, რომ წინა შემთხვევის მსგავსად, ეს საკითხი უცვლელად რჩება. სიგელების ცნობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ევროპის საბჭოს წევრების ნაწილი ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგია და აცხადებენ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი დიალოგშია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობას "ქართული ოცნება" მხოლოდ ობიექტური დამოკიდებულების შემთხვევაში განიხილავს. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ უსამართლო შეტევის პირობებში, ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია არ იმუშავებს.

საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ელოდებოდა ოპოზიცია. მათი უმრავლესობის მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა ფიქრობენ, რომ რეზოლუციის ზოგადი შინაარსი მათი მორიგი გამარჯვებაა.

ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში მუშაობაზე უარი დაახლოებით 2 თვის წინ თქვა. მიზეზი PACE-ს მიერ დაყენებული წინაპირობები გახდა. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა სახელისუფლებო პარტიისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის იგნორია.

საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, 89 წევრმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

დღის ამბები