23 აგვისტო 2026,   12:11
ვრცლად
"ჩვენ უნდა ვიყოთ აქ, არავინ არ უნდა დაიშალოს, როგორც ვთქვით საღამომდე აქ უნდა ვიყოთ" - პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს პაატა ბურჭულაძემ მიმართა

რუსთაველის გამზირზე, სადაც დილიდან რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, ახლა სიმშვიდეა.

9 აპრილის მემორიალთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

ისმის სიტყვით გამოსვლებიც. შეკრებილების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ქვეყნის მთავარი გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სევდია უგრეხელიძემ.

"ჩვენ გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქა საქართველოს დამოუკიდებლობიდან. ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენა და შემდგომ ვარდების რევოლუცია, რომელმაც შემოაბრუნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის გზაზე. ახლა უნდა ვიბრძოლოთ მონაპოვრის დასაცავად ამისთვის სხედან ჩვენი პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, ახალგაზრდები, მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ საღამომდე არ დაშლილიყვნენ.

"ჩვენ უნდა ვიყოთ აქ, არავინ არ უნდა დაიშალოს, როგორც ვთქვით საღამომდე აქ უნდა ვიყოთ. დაურეკეთ ხალხს,რომ შემოგვიერთდნენ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

დღის ამბები