უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აკრძალული იქნება და ამ შემთხვევაში სუბიექტს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ეს ინიციატივა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელებაა.
"აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით, ხალხის დევნის აქტია და მიზნად ისახავს, მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას. "ქართული ოცნების" ეს ინიციატივა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელებაა. ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
"ქართულ ოცნებას" "გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივის მიხედვით, მთავრობას ათდღიანი ვადა აქვს თანხმობის გასაცემად, თუ მთავრობის გადაწყვეტილება გასაჩივრდება ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონი ადგენს გამონაკლისსაც, ეს არის სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი, განათლების და მეცნიერების სფერო, ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.