თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან, მას ბრალი 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოქრუაშვილთან კომისიას კითხვები ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
"თუ რამის გამოძიება უნდოდათ 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულია, აქამდე გამოუძიებიათ. თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვით, თავისუფლებას აქვს სხვა ფასი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ურჩევნია თუ არა ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ნაცვლად ციხეში წავიდეს, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ შესაძლოა ის ასეც მოიქცეს.