25 აგვისტო 2026,   15:19
ვრცლად
"სამწუხაროდ, უსტანდარტო სტანდარტად აქციეს, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში" - შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე

"სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში," - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებას.

საუბარია შერაზ გასრის განცხადებაზე, რომელიც საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ უნდა ️შეწყდეს რეპრესიები და გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პატიმრები.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთში პოლიტიკურ ოპონენტებს ასამართლებენ, საფრანგეთის ელჩის მხრიდან ამგვარი განცხადება არასერიოზულია.

"ვხედავთ, რომ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ. მე მოვუწოდე როგორც საფრანგეთის, ისე სხვა საელჩოებს, რომ დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას. ბოლოს 31 მარტს იყო ეს თავდასხმა, როდესაც ასევე დაზიანდა პარლამენტის შენობა. აღარაფერს ვამბობ დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმებზე, როდესაც ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არავინ ემიჯნება ძალადობას.

საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა "ფიგაროს" მიერ, საფრანგეთის მოსახლეობის 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონზე, საფრანგეთის ელჩის მხრიდან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი, თითქოს, რაღაც კრიზისი იყოს პოლიტიკური, უბრალოდ, არასერიოზულია.

სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.

შევახსენებ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. თუკი საერთაშორისო სამართლის დარღვევად ისინი აფასებენ ქცევას, რომელიც მათი გადმოსახედიდან, არის რუსეთისთვის, მაშინ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მათი გადმოსახედიდან, იქცევა რუსეთი," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

 

 

 

დღის ამბები