23 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ გაემიჯნოს ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს" - შალვა პაპუაშვილი

"სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ და ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს," - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროება იზრდება, იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენებაც.

საელჩოს ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

"ტერმინი "დემოკრატიის შუქურა" მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის, როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ჩეხეთის საელჩოს მხრიდან, ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინარობაა, ან ცინიზმი.

სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის, ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს," - წერს შალვა პაპუაშვილი.
 
დღის ამბები