30 აგვისტო 2026,   16:44
ვრცლად
კანონი "მაუწყებლის შესახებ", რომელიც ბრიტანული ე.წ. ბიბისის სტანდარტის ანალოგი იქნება - მმართველი გუნდის აზრით, ის ქვეყანაში მედიაგარემოს დემოკრატიულ სტანდარტებში დააბრუნებს

კანონი "მაუწყებლის შესახებ", რომელიც ბრიტანული ე.წ. ბიბისის სტანდარტის ანალოგი იქნება - მმართველი გუნდის აზრით, ქვეყანაში მედიაგარემოს დემოკრატიულ სტანდარტებში დააბრუნებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ დღეს საქართველოში მოქმედი მედიის თვითრეგულირების მექანიზმი არ მუშაობს, რადგან აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს. სამომავლოდ კანონი აკრძალავს უცხო ქვეყნის ან ძალის მხრიდან მაუწყებლის მომსახურების შესყიდვას ან დაფინანსებას.

ბრიტანული კანონმდებლობის გადმოტანას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის, რაც ბრიტანეთში წარმატებით მუშაობს, საქართველოში მედიაცენზურას შეუწყობს ხელს.

ე.წ. ფეიკნიუსის, დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან საზოგადოების დაცვა - პარლამენტის სპიკერმა დღეს იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რომელსაც ახალი რეგულაცია საზოგადოებას მოუტანს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია თემით სპეკულირებს რეალურად კი, სახელმწიფო ახლა, უკვე არსებული მედიასტანდარტების აღსრულებაზე სამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს.

ბრიტანული კანონმდებლობის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში მედიარეგულირების რეალური მექანიზმების არარსებობამ, საზოგადოება არაერთხელ დააზარალა.

კანონი მაუწყებლის შესახებ პარლამენტში მიმდინარე კვირას დარეგისტრირდა. ბრიტანული ბიბისის სტანდარტი ზღუდავს ჟურნალისტების მიერ ისეთი ინფორმაციის გაშუქებას, რომელიც ზიანს მიაყენებს სხვა ადამიანს ან ორგანიზაციას. აწესებს ქცევის კოდექსს ჟურნალისტებისათვის. კრძალავს ფარულად ჩაწერილი აუდიო ან ვიდეომასალის გამოყენებას, თუ ეს არ იქნება აბსოლუტური აუცილებლობა საზოგადოების ინფორმირებისთვის. ამ სტანდარტების ანალოგის განხილვას და დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს.

24 თებერვალს, "ქართულმა ოცნებამ" "მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიციირა. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან, ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას, შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა აუცილებელი იქნება.

დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ან სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას შეიძლება გამჟღავნდეს.

მაუწყებელი ვალდებულია, არ გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ან პირადი ტრაგედიის მქონე პირები, მათ შორის არც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოპოვებული მასალა, თუკი ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას იწვევს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სათანადო პირის თანხმობა არსებობს.

მაუწყებელი ვალდებული ხდება ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია სიზუსტით და მიუკერძოებლად გადასცეს.

მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.

პროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება ახალ ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება. დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება.

მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში კი, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში.

დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.

დღის ამბები