NED-ს კონგრესის გამოყოფილ ფინანსებზე წვდომა შეეზღუდა. ამის გამო, ორგანიზაცია იძულებულია, მთელ მსოფლიოში პროგრამები შეაჩეროს. განცხადებას ამის შესახებ ამერიკის "დემოკრატიის ეროვნული ფონდი" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
"დემოკრატიის ეროვნული ფონდი" ამ მომენტში ვერ ახერხებს კონგრესის მიერ გამოყოფილ ფონდებზე წვდომას, რომლითაც თითქმის ყველა გრანტი და ოპერაცია ხორციელდება. შედეგად, ორგანიზაციის 40-წლიანი მოღვაწეობის ისტორიაში პირველად, მან საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და იძულებული გახდა შეეჩერებინა თითქმის 2 000 პარტნიორის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია ისიც, რომ ფონდის 95 პროცენტი კონგრესის მიერ ფინანსდება და საგარეო დახმარებად არ ითვლება.
შესაბამისად, მასზე ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება 90 დღით საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ, არ უნდა ვრცელდებოდეს. ამის მიუხედავად, როგორც NED-ში განმარტეს, ფინანსურ სახსრებთან წვდომა მიზეზების დასახელების გარეშე შეეზღუდათ, რამაც ორგანიზაცია იძულებული გახადა, პროექტების შეწყვეტასთან ერთად, თანამშრომლების უმრავლესობა დაეთხოვა.