წარსული, რომელიც არავის ავიწყდება, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 1921 წლის თებერვალში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ხსოვნას კოჯორში პატივი საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად მიაგო.
1921 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 104 წლის წინ 25 თებერვალს მომხდარმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში.
სამშობლოს დამცველთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა. გმირულად დაღუპული იუნკერები გაიხსენა ყოფილმა პრეზიდენტმაც.
უკვე 15 წელია, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
მთავრობის ადმინისტრაცია, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის სასახლე, ადმინისტრაციული შენობები, სამხედრო ქვედანაყოფები თუ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები - 5 ჯვრიანი დროშები ყველგან დაშვებულია.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო, თუმცა დედაქალაქამდე გზა მარტივი არ ყოფილა. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები რუსეთის მეთერთმეტე არმიას წინააღმდეგობას თბილისის მისადგომებთან უწევდნენ, გადამწყვეტი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე გაიმართა. ამ ბრძოლაში იუნკერთა და მოხალისეთა უმეტესობა დაიღუპა.
ავტორი: ნანა გოგატაძე