22 აგვისტო 2026,   05:34
ვრცლად
გრანტები დაცულ ტერიტორიებთან მაცხოვრებლებისთვის - მცირე საგრანტო პროექტებით საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს

ახალციხეში მცხოვრებმა ქეთევან მოდებაძემ, საგრანტო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ჰობი საქმედ აქცია. ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, მოსახლეობისთვის, საგრანტო პროექტების დაფინანსება უკვე მიმდინარეობს. ამ დრომდე 130-მა ოჯახმა, 190 000 ლარამდე გრანტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის პროექტები ფინანსდება, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

ერუშეთის ეროვნულ პარკში ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ამყარებს. დაცული ტერიტორიების შექმნა კი არამარტო უნიკალური ბუნების დაცვას ემსახურება, არამედ მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობასაც ქმნის.

რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილისა და ერუშეთის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მაცხოვრებლების მსგავსად, უახლოეს მომავალში პროგრამით ტანას აღკვეთილის მიმდებარედაც ისარგებლებენ. სააგენტოში ამბობენ, რომ პროექტი მიზნად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს.

მცირე საგრანტო პროექტებით, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს.

დღის ამბები