სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მოლაპარაკება რუსეთთან - ასეთია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური შეხედულებები საგარეო ასპარეზზე.
მან ინტერვიუ ერთ-ერთ მედიას მისცა, თუმცა დამატებითი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძემ რიტორიკა შეცვალა.
"ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი, "ლელოს" მიერ დაინიცირებულ რეზოლუციის პროექტს იხსენებს, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობის ბლოკირებაზე იყო საუბარი.
"გვახსოვს, მამუკა ხაზარაძე, რომელმაც თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში გავაკეთეო. მერე, გვახსოვს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაწერა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე დავაწესებ სავიზო რეჟიმსო, რუსეთის მანქანებს არ გავაჭაჭანებ საქართველოშიაო, რუსულ კომპანიებს საოკუპაციო გადასახადს დავაკისრებო. თავის ამომრჩეველს უთხრა, ამიტომ ამირჩიეთო, და ახლა საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან დაალაგებს ურთიერთობას. უკაცრავად, ბატონო მამუკა, თქვენ თანაგუნდელებს აუხსენით, თუ ამომრჩევლებს არა, როგორ ალაგებ იმ ქვეყანასთან საქმეს, რომელსაც ეუბნები, რომ მტერი ხარ",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.