ქართული დელეგაციის ყველა შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - საქართველოსა და უნგრეთის როლი იყო.
შალვა პაპუაშვილის ვიზიტის დროს, ბუდაპეშტში გაფორმდება საქართველო-უნგრეთის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ორბანის და ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით, "ქართული ოცნება" შეძლებს გარდატეხოს "ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ბრიუსელიდან ინერგება".
"პრემიერ-მინისტრმაც განგვიცხადა, რომ გვაქვს მისი სრული მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე, სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე და დამსახურებებზე საქართველოს მხრიდან და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანის, ასევე ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით, ჩვენ შევძლებთ, რომ გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, ბრიუსელიდან ინერგება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.