ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიამენეჯერების ნაწილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას, რომელიც საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს, ხელს ქვეყნის მასშტაბით მედიის 311 წარმომადგენელი აწერს. განცხადებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არის მოწოდება კიდევ უფრო გააქტიურდნენ ამაღლობელის გასათავისუფლებლად.
"მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ. მისი შიმშილობის მე-16 დღეა დღეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ დამატებით დრო მიეცეს ხელისუფლებას გაათავისუფლონ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმარი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.