მამა შალვა კეკელიას მხარდასაჭერად ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მრევლი შეიკრიბა. 5 საათზე ტაძარში ლოცვა დაიწყო, რომელიც 7 საათამდე გაგრძელდება. მამა შალვა კეკელიასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ მოხდა. ამის შემდეგ სასულიერო პირმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. დღეს კი მამა შალვა კეკელიას მხარდასაჭერად მოქალაქეები მივიდნენ.
"გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ჯგუფი მოვიდა და მოღალატეები და რუსები გვეძახა, რაზეც ბუნებრივია ჩვენი მხრიდან იყო რეაქცია, მამა შალვამ ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანებმა თავად გამოხატეს სურვილი, უამრავი ზარი შემოგვივიდა, რომ გამოეცხადებინათ თავიანთი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს დღევანდელი აქციაც თვითონ მათი დაორგანიზებულია, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. საზოგადოებას, მათ შორის აქ შეკრებილ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, არ წამოეგონ არანაირ პროვოკაციებს, რადგან რასაკვირველია პროვოკაციები მოსალოდნელია ყოველთვის, სადაც ხალხმრავლობაა. გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ,"- აცხადებს ვაკის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელმსახური მამა საბა (ჭიკაიძე).
ავტორი: სიმონ შანავა.