სავიზო შეზღუდვების ახალი პაკეტი ბაიდენის ადმინისტრაციისგან - 30-ს პლიუს 20 - თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულთა სია გაზარდა. "დემოკრატიის ძირის გამოთხრის" ბრალდებით, სანქცირებული არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, კერძო პირები.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ვერცერთი მათგანი ვეღარ მიიღებს ამერიკის ვიზას. გვარები არც ამჯერად სახელდება. აშშ-ის საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ ამაზე არ გაჩერდება და განიხილება დამატებით ქმედებები, მათ შორის სხვა სახის სანქციები.
ბარიერგადალახული ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დროულს უწოდებს და თვლის, რომ ეს ამყარებს მათ მთავარ მიზანს დაინიშნოს ახალი არჩევნები. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკის პრეზიდენტის ცვლილება "ოცნების" ხელისუფლებაზე ზეწოლას არ შეცვლის.
ასე არ ფიქრობს ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ დემოკრატები წასვლის წინ საქართველოსთან ურთიერთობების ბოლომდე გაფუჭებით არიან დაკავებულები. ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩენილია ერთ თვე. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი მკაცრ ტონს და თბილისთან პოლიტიკას შეცლის.
ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 1 თვით ადრე, მოქმედი ადმინისტრაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს უწესებს. საუბარია სავიზო შეზღუდვაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 20 მოქალაქეს შეეხო - მინისტრებს, დეპუტატებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.
ვის ასანქცირებენ - დაკონკრეტებული არ არის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საფუძველი არ აქვს, თუმცა აქვს მიზანი, რომ ახალ ადმინისტრაციას მემკვიდრეობად საქართველოსთან მეტად დაზიანებული ურთიერთობა დარჩეს.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ამერიკული სანქციები ოპოზიციას დაეხმარება და ახალი არჩევნების მოთხოვნა რეალურ პერსპექტივად იქცევა. მათი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ხალხის პროტესტის შედეგს უწოდებს, მეორე ნაწილი კი პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის ერთობლივ ძალისხმევას.
"ქართული ოცნება" 20 იანვარს ელოდება - სახელისუფლებო გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ ტრამპის პირობებში ურთიერთობის გადატვირთვის სურვილი ორმხრივი გახდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია მოვლენებს ორმაგი სტანდარტით აფასებს.
სანქციების შესახებ გადაწყვეტილება, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებით გაავრცელა. სავიზო შეზღუდვები უკვე დაწესებული აქვთ "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებსაც.