SwagBot-ი ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტია, რომელიც ავსტრალიაში შექმნეს. სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრების შეფასებით, რობოტს შეუძლია გახდეს მსოფლიოში პირველი "ჭკვიანი ძროხა“, რომელიც მეცხოველეობას უფრო ეფექტურსა და ეკოლოგიურად სუფთას გახდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
SwagBot-ის პრეზენტაცია 2016 წელს მოხდა. ის წარმოდგენილი იყო, როგორც უბრალო მწყემსი რობოტი, რომელსაც რთული რელიეფის გადალახვა შეეძლო. მას შემდეგ, რობოტი განაახლეს და ის სენსორებით, ხელოვნური ინტელექტით და მანქანათმცოდნეობის სისტემებით აღიჭურვა.
ელემენტებზე მომუშავე SwagBot-ს ახლა შეუძლია საძოვრების მდგომარეობა, ტიპი და სიმკვრივე ამოიცნოს და პირუტყვის ჯანმრთელობის მონიტორინგი განახორციელოს. შემდეგ, რობოტი ამ ინფორმაციას იყენებს იმისთვის, რომ ავტონომიურად ცხოველები სხვა საძოვრებზე გადარეკოს, რათა ნიადაგი არ გამოიფიტოს და დეგრადაცია რა განიცადოს. ამასთან, რობოტს შეუძლია მონიტორინგის შედეგად მოგროვებული ინფორმაცია ფერმერებს გადასცეს.
"როდესაც პირუტყვი რობოტს ეგუება, ისინი მას ყველგან მიჰყვებიან“, - განაცხადა სიდნეის უნივერსიტეტის რობოტიკისა და ინტელექტუალური სისტემების პროფესორმა სალაჰ სუკარიემ, რომლის გუნდმაც SwagBot-ი შექმნა.