15 აგვისტო 2026,   09:02
ვრცლად
პოლიტიკური პარტიებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გუშინ დაკავებული წევრების ნაწილი შესაძლოა სასამართლოში დღესვე მიიყვანონ

პოლიტიკური პარტიებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გუშინ დაკავებულ წევრებს, სავარაუდოდ, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. არ არის გამორიცხული, მათი ნაწილი დღესვე მიიყვანონ სასამართლოში.

"დადეს ის, რაც დადეს - "ბორჯომის" იდენტური ბოთლები, რომელსაც ყველა ოფისში დაატარებდნენ. როგორ შეიძლება, რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს სჯერა, რომ თაბუკაშვილის პოლიციის ოფისიდან 5-10 მეტრში შეიძლებოდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ვინმეს შეენახა? "ქართულ ოცნებას" ჰქონდა მიზანი, რომ ჩვენი თანამებრძოლები დაეშინებინა, თუმცა ბრძოლა გრძელდება," - აცხადებს
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია.

4 დეკემბერს ერთდროულად, ან მცირე ინტერვალებით ჩხრეკა რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა - მათ შორის იყო "ახალის", "დროას", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "ნაციონალური მოძრაობის", სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები. აიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. ამას გარდა, დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი წევრი, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციაზე ფარულად გადაღებულ კადრებში ფიგურირებენ. დაკავებულთა შორის არიან აქტივისტებიც. სულ 15 პირი აიყვანეს - შვიდ დაკავებულს ჯგუფურ ძალადობას და ორგანიზებას ედავებიან, რაც 9-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. მეორე ნაწილის წინააღმდეგ საქმე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების მუხლებით არის აღძრული.

 

დღის ამბები