პროკურორის ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა. ბრალდების მხარემ ეს განცხადება დახურული სხდომის შემდეგ, სასამართლოში გააკეთა. პროკურორი განმარტავს, რომ მან მტკიცებულებები უდაოდ ცნო.
"ერთ-ერთმა ბრალდებულმა მარიამ იაშვილმა უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, შემდეგი სასამართლო სხდომიდან უკვე ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. ბრალდებულს ჩვენება დღევანდელ სხდომაზე არ მიუცია, მან როგორც მოგახსენეთ, დააფიქსირა პოზიცია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის ბრალს აღიარებს წარდგენილ ბრალდებაში და არ ითხოვს მტკიცებულებების გამოკვლევას სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბუნებრივია უჩა აბაშიძის მიმართ მოხდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა," - აცხადებს პროკურორი ანი ხახანაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით კი ბრალდებულების პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება. ცოლისგან განსხვავებით ბრალს არ აღიარებს უჩა აბაშიძე, რომელიც დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.
"უჩა აბაშიძის პოზიცია ამ ეტაპზე არის უცვლელი. მას მიაჩნია, რომ მასთან ჩატარებული ჩხრეკა იყო სავსებით უკანონო და იქ მოპოვებული მტკიცებულებები არ სარგებლობენ სანდოობის არც ერთი ხარისხით. პირობა გვაქვს გაუთქმელობის, თუმცა პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ეს შემიძლია გითხრათ," - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი წაყენებული აქვთ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის.