ინგლისში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ დაწყებული არეულობა არ წყდება. ღამით პოლიციასთან შეტაკებები იყო ბელფასტში, ბრისტოლში, დარლინგტონსა და პლიმუტში. დაკავებულია ანტიისლამური დემონსტრაციების 400 მონაწილე.
ბრალდების მხარემ 100 დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენა. პოლიცია მასობრივ არეულობაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას ახდენს.
ულტრამემარჯვენე ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით მეჩეთების, ადმინისტრაციული შენობების და მაღაზიების, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა სასტუმროების დაწვას ცდილობდნენ. "ინგლისის დაცვის ლიგის" წევრები ბრიტანეთში იმიგრანტების შედინებას აპროტესტებენ. ძალადობის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 წლის მოზარდი დანით საბავშვო საცეკვაო სკოლაში შევარდა, 3 ბავშვი მოკლა, 9 კი დაჭრა. მასობრივ არეულობებს სათავე დაუდო სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ცნობებმა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მუსლიმი, რადიკალი ისლამისტი და ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი პირია.