ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების შენობებზე ე.წ. პრაიდის დროშების აღმართვა შესაძლოა აიკრძალოს. ორპარტიული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის "შათდაუნი" თავიდან იყო აცილებული, ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას, - ამის შესახებ ABC News-ი იმ 1,012-იან კანონპროექტზე დაყრდნობით წერს, რომელიც კონგრესს პარასკევს გადაეგზავნება.
დოკუმენტი ცალსახად განსაზღვრავს იმ დროშათა ჩამონათვალს, რომელთა აღმართვაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობებზე იქნება შესაძლებელი. აშშ-ის სახელმწიფო დროშა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკელ პატიმართა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ეროვნული ლიგის ოფიციალური დროშა, აშშ-ის სააგენტოს ოფიციალური ბრენდირებული დროშა, სხვა ქვეყნების დროშები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დროშებისა, რომელთა აშშ-ის საელჩოების შენობებზე აღმართვა და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ნებადართული იქნება. ჩამონათვალში არაა "პრაიდის" დროშა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ის საელჩოებზე არაერთხელ აღმართულა.