14 ივნისი 2026,   05:04
ვრცლად
ტერორიზმთან კავშირისთვის ბრალდებულ პირებს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ - არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტულ ორგანიზაციასთან საქმიანობაში მონაწილეობის, მისი შექმნის ან ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა.

"კურიერის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ოთხ ლოკაციაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, დაკავებულების ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი.

გამოძიება, სხვა ბრალდებულების დაკავების მიზნით, ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებულთა რიცხვი გაფართოვდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა პოზიცია აქვთ ტერორიზმთან კავშირში მყოფ დაკავებულ პირებს, რომლებიც "კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში გააცნობენ.

დღის ამბები