10 ოქტომბერი 2026,   04:20
ვრცლად
კლინიკა "ვივამედში", ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს დედა, გიული ალასანია ხვდება

კლინიკა "ვივამედში", ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს დედა, გიული ალასანია ხვდება. მანამდე ის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. ისინი გამოეხმაურნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას, სადაც მალხაზ ურთქმელიძე ამბობს, რომ ამ დრომდე არ არსებობს არცერთი სამედიცინო დასკვნა,ან კვლევა, რითიც დასტურდება ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ისინი არ ეთანხმებიან მალხაზ ურთქმელიძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას, მიზეზად კი უცხოელი ექსპერტების, მათ შორის ამერიკელი ტოქსიკოლოგის მიერ გაკეთებულ შეფასებები მოჰყვათ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ადვოკატი ამბობს, რომ მალხაზ ურთქმელიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში დაკითხვა მოუწევს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საკითხს ეხმაურება, კერძოდ პოლინიუმის ნივთიერებასთან დაკავშირებით, და ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს. 

"მიდის ახლა პიარკამპანიები, რომ, რამენაირად, პიარის კუთხით უნდათ, რომ გადაიფაროს ეს თემა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მიზანი არ არის პიარი. ადამიანს აქვს 38 სიცხე, დღეს გაირკვა, რომ გუშინ ტოქსიკოლოგი ჰყოლიათ მოყვანილი. ახლა უნდა ვნახო ექიმები და დაველაპარაკო... რადგან ეს ადამიანი არის ცუდად, ჩვენ, ადვოკატები ვაანალიზებთ, რა შეიძლება იყოს კიდევ. ეს გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გინდა თუ არა, პოლინიუმია, ასე არ არის," - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

პოლინიუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. 

"მე მაქვს კალიფორნიიდან და იმას ვეყრდნობი. ჩემთვის ის არის აბსოლუტურად სანდო. სხვადასხვა დროს გაესინჯა. მე რამდენადაც მახსოვს, როცა აქ გადმოიყვანეს, მალე მოხდა გასინჯვა და გაიგზავნა გერმანიაში. იქიდან თითქოს მოვიდა, რომ არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ რაც საბოლოო გვაქვს, ეს არის კალიფორნიის ლაბორატორიაში გასინჯვის შედეგი, სადაც არის ნათქვამი, რომ არის ეს მეტალები ნამდვილად, რომელიც ძალიან საშიშია და დიდ საფრთხეს უქმნის მის ორგანიზმს და ეს ყოველდღიურად ჩანს,“ - აცხადებს გიული ალასანია. 

დღის ამბები