05 ოქტომბერი 2026,   17:35
ვრცლად
ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა უკვე არსებობს

ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა უკვე არსებობს. დოკუმენტის ზოგადი შინაარსი ადვოკატებს თბილისის პროკურატურაში გააცნეს. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გარდაცვლილის ინტერესების დამცველებმა თქვეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა სიკვდილის მიზეზი - ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. თუმცა მთავარ კითხვაზე - მიიღეს თუ არა შესაბამისი ზომები ან გაუკეთდა თუ არა ქალს ადრენალინი, პროკურორებს მათთვის პასუხი არ უთქვამთ.

ადვოკატების განცხადებით, უწყება თავს იკავებს დოკუმენტის დაცვის მხარისთვის გადაცემისგან, ვინაიდან შესაძლოა გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე დადგეს.

"ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ სავარაუდოდ ეს იყო ანაფილაქსიური შოკი, რაც დასკვნამ დაადასტურა კიდეც. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კვლევით ნაწილს გავეცნოთ ამ დასკვნის, როგორ მივიდა ამ დასკვნამდე, იყო თუ არა რაიმე შეცდომები დაშვებული მკურნალობის დროს, გამოყენებული იქნა თუ არა შესაბამისი პრეპარატები. თქვენ გახსოვთ, ფაქტებში გამოიკვეთა, რომ შესაძლოა ადრენალინი არ იქნა გამოყენებული დროულად, მათ შორის, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება," - აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

მეგი ბაქრაძე გასული წლის მარტში ახალციხეში, კლინიკა "იმედში" კოლეგამ აცრა. ნემსის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა, მოგვიანებით გონება დაკარგა და რამდენიმე საათის შემდეგ ის რეანომობილმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მედდის გადარჩენა ვერ შეძლეს, მალევე დაიწყო ფაქტის გამოძიება.

 

დღის ამბები