10 ოქტომბერი 2026,   09:37
ვრცლად
"ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონებში აღარ დარჩა ისეთი საცხოვრებელი ადგილები, რომელიც ჭურვით ან ცეცხლით არ დაზიანებულა" - ვოლოდიმერ ზელენსკი

რუსულ აგრესიას უკრაინაში ყოველდღიურად ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ბახმუტში კვლავ რთული ვითარებაა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქალაქი "რუსულმა არმიამ ნანგრევებად აქცია" - ომის 290-ე დღეს უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება, 4 ადამიანი დაშავდა ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დონეცკში.

ოკუპანტების სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურაა, რომლის აღსადგენად ნორვეგია 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისია, უკრაინას ახლა ცივ ზამთართან გამკლავება უწევს. ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტის გამო მოსახლეობას, მათ შორის კიევში, დენი გრაფიკით მიეწოდება. ამ ზამთარს უკრაინა რომ ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში იცხოვრებს, ამას ომში მყოფი ქვეყნის ლიდერები ღიად ამბობენ. ქვეყანაში არსებული ყველა თბო და ჰიდრო-ელექტროსადგური დაზიანებულია. 

"ფრონტის ხაზზე ვითარება განსაკუთრებულად რთული დონბასის საკვანძო მიმართულებებზე რჩება: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონებში აღარ დარჩა ისეთი საცხოვრებელი ადგილები, რომელიც ჭურვით ან ცეცხლით არ დაზიანებულა. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია. შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო ფორმულა ათი პუნქტისგან შედგება - ბირთვული უსაფრთხოებიდან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებულების დაბრუნებამდე. ეს არის ახლა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – ჩართოს მსოფლიო, მშვიდობის ფორმულის პუნქტების განხორციელებაში. უნდა დავაბრუნოთ უკრაინის დროშა ჩვენს ყველა ქალაქსა და თემში, უნდა უზრუნველვყოთ ტერორისტული სახელმწიფოს რეალური პასუხისმგებლობა ამ ომზე, ასევე ომის დასრულების შემდეგ გარანტირებული უნდა იყოს უკრაინელების, ყველა თაობის უსაფრთხოება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, ოლექსანდრ სტუპუნმა.

"გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს.მტერმა 80 ზე მეტი საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ხერსონის მიმართულებით ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს დასახლებებზე. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. მტერი განიცდის დანაკარგებს როგორც ცოცხალი ძალის ასევე ტექნიკის მიმართულებით," - ამბობს ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები