ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, დღეს პროექტი იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით გადის, რომელიც ამ წუთებში იმართება. დეპუტატები კანონპროექტს კენჭს უყრიან, რის მერეც ის პლენარულ სხდომაზე გავა.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უცვლელია, გადააგზავნონ პროექტი ვენეციის კომისიაში შეფასებების მისაღებად. უმრავლესობა კი ელოდება პასუხს, რომელსაც უკრაინული მხარე მიიღებს, რადგან ქართული მოდელი უკრაინულის ანალოგია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ვენეციის კომისიის შეხედულება ამ ინიციატივაზე არ აინტერესებს.
"ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს ვენეციის კომისიის შეხედულება ამ ინიციატივაზე და არც ოპოზიციის პოზიცია,"- აცხადებს სამნიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს კანონი მალე მიიღოს.
"ქართული ოცნება" დაჟინებით ცდილობს ეს კანონი მალე მიიღონ, რათა არ მოუწიოთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაზე გაგზავნა, რადგან ისინი მხოლოდ კანონპროექტს არ განიხილავენ. მართლა ვერ გავიგე უკრაინის თემატიკას რატო უნდა მივებათ,"- აცხადებს მანჯგალაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პროცედურული საკითხები არ იცვლება.
"გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა ამ პროექტის გაგზავნა არ გაგზავნასთან დაკავშირებით არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ უნდა გავარკვიოთ უკრაინასთან დაკავშირებით რა ხდება და ამის მიხედვით ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას,"- აცხადებს ოხანაშვილი.