ომის 270-ე დღეს ლუჰანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ლუჰანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი ავრცელებს.
პარალელურად კი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში დაპირებით ჩავიდა. გაერთიანებული სამეფო უკრაინას 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა დაეხმარონ უკრაინელ გმირებს გაუძლონ რუსეთის თავდასხმებს. ზელენსკი ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება შტაბის შეხვედრაზე ენერგეტიკას დაეთმო.
"შტაბის მორიგ შეხვედრაზე წამოვწიეთ მთავარი საკითხები - ჩვენი ჯარების უზრუნველყოფა, სიტუაცია ფრონტის ხაზის კონკრეტულ მონაკვეთებში და ის, რომ ვგეგმავთ უკრაინის დროშების რაოდენობის გაზრდას ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ქალაქებში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს გმირებს, გაუძლონ რუსეთის თავდასხმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. ჩვენ მოვახერხეთ ურთიერთობის ყველა ძირითადი საკითხის განხილვა. როგორც ყოველთვის, დღესაც მივიღე ანგარიშები ენერგეტიკის სექტორში აღდგენითი სამუშაოების შესახებ. ვმუშაობთ ქვეყნის მასშტაბით სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ელექტროენერგიის ყველაზე მეტი პრობლემაა კიევის ოდესისა და ხარკოვის ოლქებში. ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხს ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს," - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივის რაიონებში შეტევითი ოპერაციები განახორციელა.
"გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბილოგორივკას და დონეცკის ოლქში სპირნეს, იაკოვლივკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, ოპიტნესა და კლიშჩიივკას დასახლებებზე. მტერმა განახორციელა ერთი საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა. არ არის გამორიცხული შეიარაღებული პროვოკაცია სახელმწიფო საზღვარზე. ოკუპანტმა ნაღმტყორცნებიდან გაისროლა ხარკოვის ოლქის სტარიცას დასახლების მიდამოში. ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივის რაიონებში შეტევითი ოპერაციები განხორციელდა. საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაზარალდა ზაპოროჟიის რეგიონის ნოვოპოლის, ნოვეს, ჩერვონეს, გულიაიპოლეს, დოროჟნიანკას, ზალიზნიჩნეს, მალა ტოკმაჩკას, ორიჰივის, პლავნის, სტეფნოჰირსკის და ვიშჩეტარასივკას დასახლებების ტერიტორიები. დაშავდა 160-ზე მეტი ოკუპანტი. განადგურდა 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობი. ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს ორლან-10 უპილოტო საფრენი აპარატი და დაარტყეს მოწინააღმდეგის საკონტროლო პუნქტს და საბრძოლო მასალის საცავს,"- ამბობს სტუპუნი.