ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული - კახეთში, 40 წლამდე მამაკაცმა 25 წლამდე ახალგაზრდას ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კაცი, მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც, რომელიც წარსულში ნასამართლევია.
ყვარლის მუნიციპალიტეტი სოფელ ენისელში დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ.
მკვლელობის მოტივზე საუბარი სავარაუდო დამნაშავის ოჯახსაც უჭირს. მამა "კურიერთან" ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, დაახლოებით 8 თვეა მასთან კონტაქტი არ ჰქონია, შემთხვევის შესახე კი ცოტა ხნის წინ გაიგო. რაც შეეხება გვიან ღამით მომხდარ მკვლელობას, მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. თუმცა მამაკაცი ამბობს, რომ მის შვილსა და მოკლულს შორის წარსულში რაიმე სახის დაპირისპირება არ ყოფილა.
"ჩემი შვილი 8 თვეა არ მინახავს და ვისთან რა საქმე აქვს არც მაინტერესებს. ვერ ვართ ერთმანეთში მამა-შვილი და ვერ ვჩერდებით, მე გავერიდე," - განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის მამამ, არსენ ისაშვილმა.
მეზობლები ჰყვებიან, რომ გვიან ღამით სროლისა და კონფლიქტის ხმა გაიგეს. თუმცა, ვინ გაისროლა - ვერ ამბობენ.
"კურიერმა" ასევე ჩაწერა სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც მომხდარის დეტალებს ყვება.
"სისხლიანი სახე, თავი, ხელები, ვერ ლაპარაკობდა. ბეჭებზე ზემოთ იყო, ორი, უფრო დიდი განაკვეთი, იქიდან იყო სისხლის დენა. რომ ვიკითხეთ, სხვა ვინ არისო, თქვეს, რომ მანქანით წაიყვანესო. რომ მივედი, შესახვევთან, მკვდარი იყო უკვე," - ამბობს სასწრაფოს ექთანი ვალია დინგაშვილი.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. პოლიცია ახლა ინციდენტში მონაწილე პირებს და თვითმხილველებს კითხავს.
სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ბრალს სავარაუდოდ, კანონით დადგენილ ვადებში წაუყენებენ.