07 ოქტომბერი 2026,   19:41
ვრცლად
რა მტკიცებულებები დევს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მასალებში და რატომ აქვთ მოლოდინი ადვოკატებს, რომ დაკავებულებს მოსამართლე დარბაზიდან გაათავისუფლებს

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე დაკავებულების საქმეზე - დღეს პროცესია. სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურა 9-ვე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები კი თვლიან, რომ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ.

უფლებადამცველებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. სამსახურებრივი გულგრილობა, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - ასეთია წარდგენილი ბრალდება, რომელსაც დაკავებულები არ ეთანხმებიან.

უფლებადამცველების განცხადებით, მტკიცებულებები, რომელიც საქმის მასალებში დევს, არა თუ ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას, არამედ ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ყველა მათგანს აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდ იყოს განხილული აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხი, როგორც უკვე პროკურატურამ წინასწარ საჯაროდ განაცხადა, ყველა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვენ. საქმის მასალები, რომელიც გადმოგვეცა დაცვის მხარეს არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული შესაძლოა დაემალოს გამოძიებას ან ხელი შეუშალოს განხილვას,"-აცხადებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

 ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველების განცხადებით, სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მყარი მტკიცებულებების არარსებობის გარეშე დააკავეს

"გავეცანი საქმის მასალებს, მაგრამ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს  ადასტურებს, ნამდვილად ვერ ვნახეთ. პირიქით, გაგვიმყარდა პოზიცია, რომ ეს ადამიანები ნამდვილად უდანაშაულოდ არიან დაკავებულები - ამაში მათ, ისედაც, ეჭვი არ ეპარებოდათ. დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დარბაზიდან, როგორც უკანონოდ დაკავებულები,"- აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

დღის ამბები