08 ოქტომბერი 2026,   01:29
ვრცლად
დავით სონღულაშვილი: ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც წლევანდელი რთველი იქნება გამორჩეული

კახეთში ყურძნის მოსავლის 99 პროცენტი ჩაბარებულია - რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, უკვე გადამუშავებულია 196 000 ტონა ყურძენი, აქედან 195 000 ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის.

წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში რეკორდულია და 320 000 ტონაა. რთველის შტაბის ინფორმაციით, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ყურძნის ჩაბარების პროცესი აქტიურად, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მინისტრის შეფასებით, ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც წლევანდელი რთველი იქნება გამორჩეული.

"რთველი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, პიკში არის რთველის პროცესი. ყოველდღიურად აქტიურად იკრიფება მოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ გამორჩეულია, როგორც ოდენობით, ასევე, ხარისხობრივად. აქედან გამომდინარე, ჭირდება განსაკუთრებული მობილიზება და შესაბამისად აქტიურად მუშაობს რთვის შტაბი იმისთვის, რომ ორგანიზებულად იყოს ჩაბარებული ყურძენი და არ იყოს, არ შეიქმნას რაიმე შეფერხებები ჩაბარებასთან დაკავშირებით. ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც წლევანდელი რთველი იქნება გამორჩეული," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამასთან, ყურძნის ჩაბარების პროცესთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრეს მევენახეებმა.

"მოტანილი მაქვს საფერავის ჯიშის ყურძენი სოფელ ახალსოფლიდან. გაიარა შემოწმება, გაიარა უმაღლეს ხარისხში და გადამიხადეს ლარ-ნახევარი, დღევანდელი დადგენილებით რაც არის უმაღლესი ფასი," - აღნიშნა მევენახემ, იოსებ ბეზარაშვილმა.

დღის ამბები