"ჯივინოსტატი" საქართველოში დათქმულ ვადებში ჩამოვიდა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს პაციენტები უახლოეს დღეებში მიიღებენ. მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც იშვიათი დაავადებისთვის საჭირო აუცილებელი პრეპარატი შეიძინა და პაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგა.
მედიკამენტის შერჩევის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები. შეხვედრები შედგა პრემიერ-მინისტრთან, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში.
დროულად მოხდება იშვიათი დაავადების სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატის, "ვამოროლონის," საქართველოში შემოტანა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მცირე დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ეს მედიკამენტი პაციენტებს გადასცენ.
"ჯივინოსტატი" და "ვამოროლონი" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.
მკურნალობის პროცესში ორივე მედიკამენტს გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს, ეს კი, სპეციალისტების თქმით, პაციენტების მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
რა ვადებში მოხდება "ჯივინოსტატის" შემდეგ, "ვამოროლონის" საქართველოში შემოტანა - ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ვრცლად ისაუბრა.
იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ მედიკამენტების საქართველოში ჩამოტანის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად გაავრცელებს.