ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება პროკურატურამ 9 პირს წარუდგინა.
უწყებამ საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალაც გაავრცელა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ასახულია, თუ როგორ მიიტანეს 22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნებმა შადრევანთან შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს მუშაობა.
გამოძიების ინფორმაციით, პროცესის დროს დაირღვა სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს, რის გამოც დაზიანდა ელექტროსადენის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა.