კახა კალაძის დავალების შემდეგ, მერიის სამსახურები უკვე იწყებენ იმ პროექტების შემოწმებას, რომელზეც საექსპერტო დასკვნა "მშენექსპერტს" აქვს ჩატარებული.
ირკვევა, რომ ასეთი არაერთი ობიექტია. მერის მოადგილე ამბობს, რომ დავალებას მერია ბოლომდე მიიყვანს, თუმცა მოცულობიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება.
"ყველა სამსახური დაიწყებს მუშაობას რომ ამოვიღოთ ყველა ის დოკუმენტაცია, სადაც ეს კომპანია გასცემს და გასცემდა დასკვნებს. ამ დავალებას თავიდან ბოლომდე მივყვებით და ყველა ობიექტი, სადაც "მშენექსპერტს" აქვს დადებითი დასკვნა გაცემული, თავიდან გადამოწმდება,"- აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კი ამბობს, რომ აუცილებელია ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა გააკეთონ.
"ყველა სამუშაო შესამოწმებელია, მოვითხოვეთ, რომ ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება მოხდეს, რადგან სად რა ნაღმია კიდევ ჩადებული არავინ იცის, მაგრამ ეს სამხარაულის ექსპერტიზამ და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა გააკეთონ,"- ამბობს ირაკლი ნადირაძე.