05 ოქტომბერი 2026,   23:17
ვრცლად
ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

"შემოვდივართ დიალოგში და გვითხარით, რატომ არის კონკრეტული კანონმდებლობა პრობლემური" - "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ეს კითხვა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ეხება. კახა კალაძემ ALDE-ს პოლიტიკური ლიდერების ის განცხადება შეაფასა, რომლითაც კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას სთხოვენ. სვენია ჰანი და იან-კრისტოფ ოტიენი, სანქციების დაწესების მიზეზად თბილისიდან გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების გასვლას ასახლებენ. საპასუხოდ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენჯეოებმა საქართველოში მუშაობაზე უარი ნებაყოფლობით, მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არ სურდათ.

ALDE-ს წევრები ქართული ოპოზიციური პარტიებიც არიან. მათ შორისაა "ლელო". თვეების განმავლობაში ოფიციალური თბილისი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის ეკითხებოდა - მისაღებია თუ არა მათთვის "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან სასამართლოს დაწვის მცდელობის - ანუ ტერორიზმის აქტი. ან ემხრობიან თუ არა იმ ქსენოფობიურ განცხადებებს, რასაც ასევე "ლელო" ე.წ. არაბიზაციას უწოდებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ამ დრომდე არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ. პოლიტიკოსების თქმით, ეს და სხვა გარემოებები ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს, რომ ALDE-ს საქართველოში დესტაბილიზაციის სურვილი აქვს.

ALDE-ს წევრი "ლელო" სანქციების მოთხოვნას ტრადიციულად მიესალმება, ოპოზიციის სხვა ნაწილი კი შეკითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემს

საპარლამენტო უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ALDE-ს განცხადება დაუსაბუთებელია. კანონმდებლების თქმით, ეს სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის მცდელობის მორიგი მაგალითია, რისი მიზანიც ქვეყნის დასუსტება და შიდა არეულობის მოწყობაა. დეპუტატები ამბობენ, რომ ამ ქმედებების საპასუხოდ თბილისი სუვერენიტეტის დაცვის პროცესში უკან დახევას არ აპირებს.

მოთხოვნა ALDE-მ სოციალური ქსელით გაავრცელა. სანქციების დაწესებისკენ მოწოდების ფონზე, მმართველ გუნდში კვლავ იმეორებენ, რომ საგნობრივი დიალოგისთვის მზად არიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დიალოგი ბრიუსელთან კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდება და უსაფუძვლო კრიტიკა შეწყდება.

დღის ამბები