10 ოქტომბერი 2026,   05:52
ვრცლად
ყველა კითხვას უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი - ოთარ გრიგოლია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 13 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმები ამბობენ, რომ უახლოესი 24 საათი ყველაზე კრიტიკულად ითვლება. შედარებით სტაბილურია კიდევ ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

კლინიკაში დღეს იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია. მან დაზარალებული მოზარდის ოჯახს დახმარება აღუთქვა.

"გაუარესება არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტაბილურია ბავშვი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ოჯახს, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციაში, მათ შორის გადაყვანა თუ იქნება აუცილებელი, როგორც სამედიცინო პერსონალი გადაწყვეტს, ისე იქნება," - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

გრიგოლიას თქმით, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს:

"ყველა კითხვას უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი. მათ შორის იმ კითხვებს, რომელიც ისმება ჩვენი მხრიდან, თქვენი მხრიდან და თუ რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა დადგება, აუცილებლად დაისჯება ის ადამიანი, ვინც ამაში ჩართული იქნება," - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები