მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.
ნინო ლომჯარია ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა მხოლოდ სამძიმრით არ გამოიხატება:
"ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი, რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს," - აცხადებს ნინო ლომჯარია.
არსებული ინფორმაციით, გუშინ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.