04 ივლისი 2026,   09:45
ვრცლად
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია - გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია რეზოლუციის მისაღებად ემზადება, რომლის თანასპონსორიც საქართველოა

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია რეზოლუციის მისაღებად ემზადება, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსია უნდა დაგმოს. საქართველო ამ რეზოლუციის თანასპონსორია. დოკუმენტი უშიშროების საბჭოზე უნდა მიეღოთ, თუმცა მოსკოვმა მას ვეტო დაადო. დასავლეთის ქვეყნებმა რეზოლუცია დასამტკიცებლად გენერალურ ასამბლეაზე გადაიტანეს, სადაც ვეტოს უფლება არავის აქვს. შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა დღეს პრესკონფერენცია მოიწვია და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რას ნიშნავს ამ რეზოლუციის მიღება.

"ბევრმა თქვა, რომ სურთ ნეიტრალურები იყვნენ. მათ არ სურთ რომელიმე მხარეს ყოფნა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არა რუსეთს და შეერთებულ შტატებს, არამედ გაეროს ქარტიის ძირითადი ღირებულებების დაცვას ეხება. კიდევ და კიდევ გავიმეორებთ გზავნილს: ეს არ არის შეერთებული შტატების მხარეს ან რუსეთის საწინააღმდეგო მხარეს ყოფნა. საქმე იმ ქარტიის დაცვას ეხება, რომელსაც გაეროს თითოეულმა წევრმა მოაწერა ხელი," - განაცხადა ლინდა თომას გრინფილდმა.

გაეროში მოსალოდნელ კენჭისყრას გამოეხმაურა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტიც. ნედ პრაისმაც აღნიშნა, რომ საქმე გაეროს ქარტიის პრინციპების დაცვას ეხება,

"იმ დროს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილების ანექსირების მცდელობის დასაგმობად გაეროში კიდევ ერთ მნიშვნელოვან კენჭისყრას ველოდებით, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს პასუხისმგებლობა, ნათლად უჩვენოს, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები სრულიად მიუღებელია. ცნება „ნეიტრალურობა" არ არსებობს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაეროს ქარტიის პრინციპებს ემორჩილებიან. ეს ომი უკრაინაში რუსეთის აგრესიაა, თუმცა ფსონები, გარკვეულწილად, უფრო მაღალია. სასწორზე გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპები დგას, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი

კიევი თვლის, რომ გაეროში რეზოლუციაზე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკანონო ანექსიის დასაგმობად, არამედ იმისთვის, რომ მთლიანად ინსტიტუტმა ნდობა აღიდგინოს. გენერალურ ასამბლეაზე საგანგებო სესიის მოწვევის შემდეგ, რუსეთი შეეცადა კენჭისყრა ფარული წესით ჩატარებულიყო, თუმცა მოსკოვმა უარი მიიღო და ხმის მიცემა ნიუ იორკში ღია იქნება.

რეზოლუციის მიღების პარალელურად, რომელმაც რუსეთის მეტად იზოლირებას უნდა შეუწყოს ხელი, ამერიკის ადმინისტრაცია განაგრძობს უკრაინის სამხედრო დახმარებას და გამოყოფილი რვიდან, ორ „მიწა-ჰაერის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა "ნეისემსს" კიევს უახლოეს მომავალში გაუგზავნის. დღევანდელ სატელეფონო ბრიფინგზე ეს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა დაგვიდასტურა.

"ეს ერთობლივი ნორვეგიულ-ამერიკული სარაკეტო სისტემებია, რომლებიც მოკლე და საშუალო რადიუსზე, 30-დან 50 კილომეტრამდე მოქმედებენ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ამ "ნეისემსებიდან" პირველი 2 უკვე უახლოეს მომავალში მივაწოდოთ," - აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია და დებატები ნიუ-იორკის დროით დილის 10 საათზე უნდა განახლდეს. რეზოლუციაზე კენჭისყრა კი ყველა დიპლომატის გამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ დღის ბოლოს გაიმართება.

 

დღის ამბები