რუსეთის ვეტო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგიტიმურად არის აღიარებული.
15 წევრიან საბჭოში რუსეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. ხმის მიცემისგან თავი ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და გაბონმა შეიკავა.
უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სერგი კისლიცა აცხადებს, რომ ფსევდო რეფერენდუმი აგრესიაა.
"სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ფსევდო რეფერენდუმი აგრესიაა. პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც ამ ფარსში მონაწილეობს. ძვირფასო კოლეგებო, რეზოლუცია ვერ მივიღეთ მხოლოდ ერთი უარყოფითი -რუსეთის ხმის გამო. უკვე დავიღალეთ იმის გამეორებით, რომ რუსეთისთვის ნების მიცემა რომ ისარგებლოს ვეტოს უფლებით უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებზე აფერხებს ამ ორგანოს განახორციელოს თავისი უპირველესი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება,"- აცხადებს სერგი კისლიცა.
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვასილი ნებენზია აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან ღიად მტრული ქმედებები არის უარის თქმა თანამშრომლობაზე.
"ჩვენ არ ვიცით სხვა მაგალითები, როდესაც უშიშროების საბჭოს მიუღია რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ გმობს საბჭოს ერთ-ერთ წევრს. მითხარით, სერიოზულად ელით რუსეთის მხრიდან ასეთი პროექტის განხილვას და მხარდაჭერას? თუ არა, მაშინ გამოდის, რომ თქვენ მიზანმიმართულად გვიბიძგებთ გამოვიყენოთ ვეტოს უფლება, რათა შემდეგ თქვათ, რომ რუსეთი ბოროტად იყენებს ამ უფლებას. დასავლეთის მხრიდან ღიად მტრული ქმედებები არის უარის თქმა თანამშრომლობაზე. ეს არის იაფფასიანი პროვოკაცია,"-აღნიშნა ნებენზიამ.
დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბარბარა ვუდვარდი აცხადებს, რომ რუსეთმა ვეტოს უფლება ბოროტად გამოიყენა.
"რუსეთმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა დაიცვას თავსი უკანონო ქმედებები. ერთი რამ ნათელია- საბჭოს არც ერთი წევრი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის მცდელობას. რუსეთის ვეტო ამ ფაქტს არ ცვლის,"- აცხადებს ვუდვარდი.