რუსეთში რეზერვში მყოფ პირებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა ოფიციალურად აეკრძალათ. ამის შესახებ განცხადება როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა გააკეთა. მისი თქმით, ნებართვის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც მობილიზაციას არ ექვემდებარება.
"ამ დროისთვის ნაზაროვის სამხედრო ოფისში მოქალაქეების ჯარში გაწვევის კრიტერიუმები დაწესებული არ არის. არ არსებობს ასაკობრივი, ან სხვა სახის შეზღუდვა მათ შორის ფიზიკური მდგომარეობის კუთხით. შეზღუდვები არ გვაქვს, ყველა კატეგორიის ადამიანთან ვმუშაობთ," - აცხადებენ სამხედრო კომისარიატში.
"მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების დროისთვის რეგისტრირებული არიან სამხედრო ბაზაში, ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება სამხედრო კომისარის ან ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების ნებართვის გარეშე. ყველაფერი კანონის შესაბამისად ხდება. რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გამგზავრების მიზნით, აუცილებელია აიღოთ დადგენილი ფორმის მოწმობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან. ჩვენ არ ვკრძალავთ სუბიექტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებისთვის საჭიროა აიღოთ შესაბამისი ცნობა. ნებართვის მქონე მოქალაქეების სია მოსკოვში გადაგზავნება. საზღვრის კვეთის დროს კომპეტენტური ორგანოები შეამოწმებენ აქვს თუ არა მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლის ნებართვა, ცნობის გარეშე მას საზღვარზე არ გაუშვებენ," - განაცხადა როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა იგორ ეგოროვმა.
პარალელურად, პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს.
25 წლის მამაკაცმა, რომელიც დღეს უნდა გაეწვიათ, ირკუტსკის ოლქის სამხედრო კომისარიატში სამხედრო კომისარი დაჭრა.
"არა ომს და არა მობილიზაციას" - რუსეთში ისევ აქციები გრძელდება. ამ ფორმით მოსახლეობის ნაწილი პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას აპროტესტებს.
ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა დაღესტანში. დედაქალაქის ქუჩებში ასეულობით ადგილობრივი გამოვიდა. მოქალაქეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. პროტესტი უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკები, ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკშიც. ფედერაციის რამდენიმე ოლქში ადგილობრივებმა სამხედრო გაწვევის ოფისებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოადგენა მოუწევთ. ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს მალე ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საზღვრის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღებსაც ასახელებენ.