აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინიდან ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ნატოს შტაბბინაში გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად, უკრაინაში ვიზიტი და რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრა შეაჯამა.
"უახლოეს თვეებში ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა გამოიცდება ენერგომომარაგებაზე ზეწოლით და რუსეთის ომით გამოწვეული ცხოვრების მზარდი ხარჯებით. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, იზომება ფულში. ფასი, რომელსაც უკრაინელები იხდიან, ფასდება სიცოცხლით. ნატოს მოკავშირეებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას შეიარაღებით, საბრძოლო მასალით და სხვა შესაძლებლობებით. შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა რომლითაც ჩვენ უკრაინას ვუზრუნველყოფთ არის ევროპაში, ნატოს ახლო პარტნიორი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესული ქმედებების.
თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს სახიფათო იქნება არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ თითეული ჩვენგანისთვის. იმის უზრუნველყოფით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს უკრაინაში, ჩვენ ასევე ვზრდით ჩვენს უსაფრთხოებას და ვაძლიერებთ ჩვენს ალიანსს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მსგავს მოქმედებებს ადგილი არ ექნება ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ ვხედავთ იმედის მომცემ ნიშნებს. რუსეთის შეტევას დონბასში აჩერებენ უკრაინული ძალები. მათ დაიბრუნეს გარკვეული ტერიტორიები, როგორც აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში,"- აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამერიკა დამატებით ფინანსურ დახმარებას გამოყოფს უკრაინისთვის, დახმარება იქნება ასევე მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის.
"შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. მე გამოვაცხადე 2,8 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი უსაფრთხოების დახმარება უკრაინისთვის და მისი მეზობლებისთვის. ეს თანხა მოიცავს დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარის საგარეო სამხედრო დაფინანსებას უკრაინისთვის, ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთი საბრძოლო სისტემების შეძენა დაიწყონ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნება შეკავებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო წლებში რუსეთის შემდგომი აგრესიისგან დასაცავად.
ჩვენი ერთიანობა აქ ნატოში, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში აუცილებელია ჩვენი საერთო მიზნების წინსვლისთვის, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებისთვის. რატომ ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძოლის ველზე უკრაინელების წარმატებაში, იქნება ეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, დონბასში თუ სამხრეთში? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს უკრაინელების სამშობლოა და არა რუსეთის. ისინი თავისი სამშობლოსთვის და მომავლისთვის იბრძვიან. ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ საბრძოლო სისტემებისა და ფინანსური რესურსებით დახმარების სარგებელი, თუმცა შეუფასებელია უკრაინელების თავდადება,"- აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.