დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო დიდ ბრიტანეთში გლოვაა. ევროკავშირში დროშები ნახევრად დაუშვეს.
მეფე ჩარლზ მესამე დღეს ლონდონში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად გაემართება, დღის ბოლოს კი მოსალოდნელია, რომ მიმართვას გაავრცელებს.
მანამდე კი ბალმორალის და ბუკინგემის სასახლეებთან საზოგადოება იკრიბება და ყვავილები მიაქვს. გლოვის პერიოდი დედოფლის დაკრძალვიდან 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ მეფე ჩარლზმა განაცხადა.
ბრიტანეთის მოქალაქეები, ლონდონელები, ტურისტებიც კი, მთელი დღეს განმავლობაში იკრიბებიან ბუკინგემის სასახლის გარშემო. მოქალაქეები სასახლის შესასვლელს ყვავილებით ამკობენ, ელიზაბეტ II-ს ემშვიდობებიან და ქვეყნისა და მონარქიის მთავარ სიმბოლოს იხსენებენ.
ხალხის ნაკადი არ წყდება, ყვავილები მიაქვთ და სამძიმარს უცხადებენ დედოფლის ოჯახს შოტლანდიაშიც, ბალმორალის სასახლესთან, სადაც მონარქმა სიცოცხლის ბოლო საათები გაატარა.
ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის ლიდერი:
"მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალება დიდი მწუხარების მომტანი იყო ფრანგი ხალხისთვის. მისი სიბრძნე და თანაგრძნობა დაგვეხმარა გაგვეკვალა რთული გზები ისტორიის ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში. მისმა ურყევმა ღირსებამ ის გაერთიანებული სამეფოს მარადიულ სიმბოლოდ აქცია. ელისაბედი ძალიან სწრაფად დაეუფლა ჩვენს ენას, შეიყვარა ჩვენი კულტურა და ჩვენი ხალხის გულებს შეეხო. საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მეგობრულ, თბილ, გულწრფელ და ერთგულ პარტნიორობას იზიარებენ", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ელიზაბეტ II-ის გარდაცვალებას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერიც:
"დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო დაამწუხრა. სანთლები და ყვავილები ლონდონში, ბუკინგემის სასახლის წინ, ასევე ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოს წინ, აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დედოფალს ბევრი ადამიანის გულში, მათ შორის გერმანიაში. დიდმა ბრიტანეთმა თავისი დედოფალი, მსოფლიოს საუკუნოვანი ფიგურა დაკარგა. დედოფალი ჩვენი საერთო ევროპული მემკვიდრეობის საუკეთესო მხარეს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას განასახიერებდა. ელისაბედმა სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხის სამსახურს მიუძღვნა. გერმანია მადლიერებით იხსენებს დედოფალს, რომელიც, მათ შორის პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ ომის დროს ყოფილმა მტრებმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ შერიგება შეძლეს,"- განაცხადა ოლაფ შოლცმა.
დედოფალს იხსენებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც:
"მე გამიმართლა, რომ მას რამდენჯერმე შევხვდი, როდესაც ბილი პრეზიდენტი იყო და როდესაც მე ვიყავი სახელმწიფო მდივანი. რამდენჯერმე მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობა. ის იყო ცნობისმოყვარე, უაღრესად ინტელექტუალური ადამიანი. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო, როდესაც ბუკინგემის სასახლეში ღამის გათევის შესაძლებლობა მომეცა ვიზიტების დროს. ვსაუბრობდი მასთან თავის ბაღებზე და ვსეირნობდით ამ ბაღებში. ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდილება,"- აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
ავტორი: სანდრო სანაია