04 ივლისი 2026,   01:57
ვრცლად
ბაიდენის განკარგულებით, თეთრ სახლზე და კაპიტოლიუმზე დროშები სანახევროდ დაუშვეს - დედოფლის ხსოვნას პატივს მიაგებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

დედოფლის ხსოვნას პატივს მიაგებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჯო ბაიდენის განკარგულებით, სამხედრო ბაზებსა და ფედერალურ შენობებზე, მათ შორის, თეთრ სახლზე და კაპიტოლიუმზე, დროშები სანახევროდ დაუშვეს.

"მისი სამეფო უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე მონარქზე მეტი იყო. მან ეპოქა განსაზღვრა. მუდმივი ცვლილებების სამყაროში მისი ყოფნა, ბრიტანელთა არაერთი თაობისთვის კომფორტის და სიამაყის წყარო იყო," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

საღამოს 6 საათზე, პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სამძიმრის სათქმელად ბრიტანეთის საელჩოში მივიდა. ბაიდენის ოჯახი გაერთიანებული სამეფოს ელჩმა დეიმ ქერენ ფირსმა და მისმა მეუღლემ მიიღეს. პრეზიდენტმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

დედოფლის გარდაცვალებას ბაიდენი მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა და ელისაბედ მეორე მერილენდში გამართულ დემოკრატების შეხვედრაზეც გაიხსენა.

"მსურს, დედოფალ ელისაბედის შესახებ რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ახლახან შევჩერდი ბრიტანეთის საელჩოსთან, რათა მის პატივსაცემად სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გამეკეთებინა. მქონდა შესაძლებლობა, გარდაცვალებამდე მას შევხვედროდი. ის განსაკუთრებულად კეთილშობილი და წესიერი პიროვნება იყო. ამერიკელი ხალხის ფიქრები და ლოცვა, მწუხარების ჟამს, გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ხალხთან არის," - განაცხადა ბაიდენმა.

დედოფლის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ კონგრესის წევრები. განცხადება გააკეთა ქვედა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, რომელსაც საშუალება ჰქონდა წლების წინ, ესაუბრა ბრიტანეთის მონარქთან. დედოფალი ელისაბედი ვაშინგტონში არაერთხელ იყო ჩასული, მათ შორის, 2007 წლის მაისში, როდესაც პელოსი სპიკერი იყო.

პელოსის თქმით, დედოფალი ელიზაბეტი ბევრი თაობისთვის დიდებული ლიდერი იყო.

ამერიკის ადმინისტრაცია თვლის, რომ შეერთებულ შტატებს დიდ ბრიტანეთზე უფრო ახლო მოკავშირე არ ჰყავს. ზუსტად ამ ფორმულირებით არის ჩაწერილი ფრაზა სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესახებ.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამეფო ოჯახს, ბრიტანელ და თანამეგობრობის ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დედოფლის გავლენა თანამეგობრობის ფარგლებს გარეთაც ვრცელდებოდა და ის სტაბილურობის განცდას განასახიერებდა.

ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, დროშები ფედერალურ შენობებზე, მათ შორის საელჩოებსა და საკონსულოებზე, სამხედრო ბაზებზე, ასევე ხომალდებზე და საზღვაო სადგურებზე, დედოფლის დასაფლავებამდე იქნება დაშვებული.

დღის ამბები