ომის 195-ე დღე უკრაინაში - რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ობიექტების დაბომბვას.
აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქ ხარკივში. მერის ინფორმაციით, რუსულ იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა, ქალაქის რამდენიმე უბანში ჩამოვარდნილმა რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი შენობები, ერთ-ერთ სახლში კი ხანძარი გაჩნდა.
რუსეთი კვლავ აგრძელებს ნიკოპოლზე თავდასხმებს, ღამით განხორციელებული დაბომბვებისას 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ათობით საცხოვრებელი სახლი კი დაზიანდა. გუბერნატორის თქმით, შეტევა გრადის ტიპის სარაკეტო სისტემით განხორციელდა.
სარაკეტო იერიშები განხორციელდა დნიპროპეტროვსკის ოლქზეც, ქალაქ კრივი რიგზე შეტევა გამთენიისას მოხდა, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები
უკრაინა, რუსეთისგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს. შესაბამისი განცხადება ირინა ვერეშჩუკმა, ერთ-ერთ ფრანგულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი აღნიშნავს, ევაკუაციას ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს.