



ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა - ცეცხლი აწყურის მიმდებარე ტერიტორიას მოედო. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთნენ. ხანძარს მეხანძრე მაშველები უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ, თუმცა პროცესს რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს. ოპერაციაში ჩართულები არიან სამხედროებიც. პროცესში მონაწილეობს რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. მძიმე ტექნიკის მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე, შეინიშნება მაღალი დაკვამლიანება, თუმცა აქტიური ხანძრის კერები ჯერ-ჯერობით არ ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად უკვე მესამე დღეა პროცესში აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. დილიდან აქტიურად მუშაობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, პროცესში ერთვება სამი თურქული ვერტმფრენი, რომლებსაც 8 ტონიანი ავზები აქვთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის სამი თვითმფრინავი ჩაერთო, რამაც გარდამტეხი როლი უნდა იქონიოს სტიქიასთან ბრძოლაში.
"დილიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზირებული სამი თვითმფრინავი, რომელიც ვფიქრობთ, რომ გარდატეხას შეიტანს სტიქიასთან ბრძოლაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და საკონსულოს საქართველოში, ასეთი გულისხმიერი და ოპერატიული გამოხმაურებისთვის," - აცხადებს მღებრიშვილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, ამ ეტაპზე გარკვეულ კერებზე ლიკვიდირებულია ხანძარი, ცალკეულ კერებზე კი მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ თითქმის 1 კვირაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ხანძრის გავრცელება დაიწყო, უკვე გასულ ღამეს კი, გამომდინარე იქიდან რომ არის გვალვა და ქარი, ცეცხლი გავრცელდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის აწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ თისელის გარშემოც.
ავტორი : სანდრო სანაია