02 ოქტომბერი 2022,   08:14
ვრცლად
სენაკის საკრებულო თავმჯდომარის გარეშე დარჩა, ქალაქის რაიონულმა სასამართლომ დღეს "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა

სენაკის საკრებულო თავმჯდომარის გარეშე დარჩა. რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა "ქართული ოცნების" სარჩელი და საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააბათილა, რომლის მიხედვით, თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს.

გაბათილდა, ასევე, თვითმმართველ ორგანოში მიღებული შვიდი გადაწყვეტილება, რომელთა შორის არის, დროებითი კომისიების არჩევა და პარტია საქართველოსთვის ერთი წევრის ადგილმონაცვლედ ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა.

23 თებერვალს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ქარჩავა პროცედურული დავის ფონზე აირჩიეს. 33-წევრიან საკრებულოში, არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტიამ 16 მანდატი აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია საქართველოსთვის კი ჯამში 17. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც საქართველოსთვის ერთ ერთმა წევრმა ილია ახალაიამ დეკემბრის დასაწყისში მანდატზე უარი თქვა, შედეგად ოპოზიციას საკრებულოში მმართველი პარტიის მსგავსად 16 ხმა დარჩა. 2022 წლის 9 თებერვალს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალაიას ადგილმონაცვლედ ნიკოლოზ შამათავა ცნეს.

სენაკის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, საბა ოდიშარიას განმარტებით, ოპონენტებმა საკრებულოს რეგლამენტი და პროცედურული ნორმები დაარღვიეს და გადაწყვეტილებები კვორუმის გარეშე მიიღეს და დღეს მოსამართლემ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო..

ბოლო ექვსი თვეა სენაკში საკრებულო ათჯერ ეცადა, მაგრამ არც ერთხელ კვორუმი არ ეყო. კანონმდებლობის მიხედვით, ექვსთვიანი უმოქმედობა საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდეს და მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ექვსი თვის ამოწურვამდე ხუთი დღე რჩება. 23 აგვისტომდე სხდომის მოწვევა, თეორიულად, შესაძლებელია, თუმცა რადგან ოპოზიციას და მმართველ პარტიას თანაბარი ხმები აქვს, კონსენსუსის ალბათობა ნაკლებია. დამატებითი დეპუტატი, რომელსაც გადამწყვეტი ხმა ექნება, საკრებულოს შემადგენლობას 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შემდეგ დაემატება. როდესაც მხარეში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ვახტანგ წურწუმიას ადგილმონაცვლეს აირჩევენ.

2021 წლის 2 ოქტომბრის შედეგად არჩეული სენაკის საკრებულოსთან დაკავშირებით, არაერთი სამართლებრივი დავის შემდეგ, ერთადერთ ლეგიტიმურ გადაწყვეტილებად დღეს უკვე მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა რჩება.

დღის ამბები