08 თებერვალი 2023,   06:56
ვრცლად
4 წლის ლიზა, რომელიც რუსულმა ბომბმა ქალაქ ვინიცაში იმსხვერპლა, დღეს დაკრძალეს - ოკუპანტებს არ აინტერესებთ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე

ომის 144-ე დღე უკრაინაში - დონბასში მძიმე ბრძოლებია. უკრაინელი სამხედროები ტერიტორიების დაცვას, ახლა უკვე დასავლეთისგან გადაცემული უახლესი სამხედრო ტექნიკით ცდილობენ. რთული ვითარება რჩება ლუგანსკის ოლქში, სადაც ოკუპანტები ცდილობენ ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლას, თუმცა, ვერ ახერხებენ. 2 სოფელს ისევ უკრაინული ჯარი აკონტროლებს.

"რუსებს აქვთ ბრძანება, რომ ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მივიდნენ, არაერთხელ განაცხადეს ამ დავალების შესრულების შესახებ, ჯილდოებიც მიიღეს, მაგრამ დარჩენილი რამდენიმე კილომეტრი მაინც ვერ გადალახეს. ლუგანსკის ოლქის ორი სოფელი ისევ ჩვენი კონტროლის ქვეშ რჩება. ერთ-ერთი სოფელი რამდენჯერმე აიღო ოკუპანტმა, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მტერი ყოველ ჯერზე უკან გააბრუნეს. თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა რუსებს ბელოგორვკას მახლობლად ჰქონდათ, თუმცა ჩვენმა ჯარმა ეს შეტევაც მოიგერია. მტერი აგრძელებს დასახლებული პუნქტების დაბომბვას, მათ არ აინტერესებთ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე", - განაცხადა ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ.

ვითარება მძიმეა დონეცკის ოლქში, სადაც ოკუპანტები საცხოვრებელ კორპუსებზე იერიშებს არ წყვეტენ. ქალაქ ჩასოვში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

4 წლის ლიზა, რომელიც რუსულმა ბომბმა ქალაქ ვინიცაში იმსხვერპლა, დღეს დაკრძალეს. მასთან გამომშვიდობება დედამ ვერ მოახერხა, ის მძიმე დაზიანებებით ისევ საავადმყოფოში რჩება.

ოკუპანტებმა დაბომბეს უკრაინის კოსმოსური ქარხანა და მის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსებიც. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, 15-მდე კი დაიჭრა. დაუზუსტებელი ცნობით, საკრუიზო სარაკეტო თავდასხმა რუსებმა კასპიის ზღვიდან განახორციელეს.

რუსმა სამხედროებმა 22 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს დონეცკის ოლქის სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. საარტილერიო იერიში მიიტანეს სუმის ოლქის 8 და ჩერნიგოვის ოლქის ერთ დასახლებაზე. ქვეყნის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებს ისევ განაგრძობენ.

გამარჯვების იმედი აქვს და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების შედეგებზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება შეძლო. ის პირობას დებს, რომ უკრაინა ეტაპობრივად, ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებსაც დაიბრუნებს.

ომის დაწყებიდან 144-ე დღეს, რუსეთი ისევ ბომბავს თავის ერთ-ერთ სამიზნეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, კრემლმა სასწრაფოდ ხარკოვის ოლქის მთლიანი ოკუპაციის ბრძანება გასცა. ოკუპანტებმა დღის ბოლოს კიდევ რამდენიმე იერიში მიიტანეს ოლქის ქალაქებზე და ისევ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ კორპუსებზე, საღამოს რუსებმა დაბომბეს ზაპოროპჟიეც.



დღის ამბები