14 სექტემბერი 2026,   23:38
ვრცლად
ელისო ვირსალაძე 84-ე შემოდგომას თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდება - ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნება

ერთკვირიანი მუსიკალური ზეიმი თელავში და ლეგენდარული ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის 84 წლის იუბილე სცენაზე - მისი ყოველი გამოსვლა სცენაზე ნამდვილი დღესასწაულია მსმენელისთვის, რადგან ის უბადლო საშემსრულებლო ტექნიკით, ღრმა ემოციურობითა და გენიალური ინტერპრეტაციებით გამოირჩევა.

ხელოვანს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება, თუმცა მისი მთავარი ჯილდო მსოფლიო აღიარებაა.

ელისო ვირსალაძე თავის 84-ე შემოდგომას იმ ფესტივალზე შეხვდება, რომელიც 42 წლის წინ თავად დააარსა და ქართველი მსმენელის მეხსიერებაში დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში მსმენელს წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით უბრუნდება. 19 სექტემბერს ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა გახსნის.

ერთი კვირის განმავლობაში, ფესტივალი 5 კონცერტს უმასპინძლებს. სცენაზე, ელისო ვირსალაძესთან ერთად, მსმენელის წინაშე ვერიკო ჭუმბურიძე, დავით ხრიკული, საქართველოს სიმფონიეტა, "გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი" და მოწვეული ქართველი და უცხოელი არტისტები წარდგებიან.

წლევანდელი ფესტივალი ქართულ ხელოვნებასა და ხელოვანებზეა ფოკუსირებული. საორგანიზაციო ჯგუფი არაერთ სიახლეს აანონსებს, მათ შორის - პროგრამას "მუსიკა +". 

ღონისძიებებს ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები